იფიქრე გლობალურად

პროდუქცია
ROTAPHARM
როტადონი

როტადონი

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/

როტადონი
ROTADON
 
სავაჭრო სახელწოდება
როტადონი,  Rotadon
 
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
გლუკოზამინი, Glucosamine
 
სამკურნალწამლო ფორმა
ფხვნილი, შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად
აღწერილობა: უსუნო, მარცვლოვანი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
 
შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: გლუკოზამინის სულფატი (კალიუმის გლუკოზამინის სულფატის სახით) 1500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ასპარტამი, ლიმონმჟავა უწყლო, მაკროგოლი 4000.
 
პრეპარატის ათქ კოდი M01AX05
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა არასტეროიდული და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები.
ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატი.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს ბუნებრივი გლუკოზამინის ამინომონოსაქარიდის მარილს, რომელიც ფიზიოლოგიურად არსებობს ადამიანის ორგანიზმში. გლუკოზამინი ორგანიზმში ქონდროციტების მიერ გამოიყენება, როგორც სინოვიური სითხის პროტეოგლიკანების, გლუკოზამინოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავას საწყისი საწყისი მასალა. დადებით გავლენას ახდენს ხრტილის მეტაბოლიზმზე – აძლიერებს ანაბოლურ და ასუსტებს კატაბოლურ პროცესებს, ზრდის სასახსრე ჩანთის განვლადობას, აღადგენს ფერმენტულ პროცესებს სინოვიური მემბრანისა და სასახსრე ხრტილის უჯრედებში. როტადონი ასტიმულირებს პროტეოგლიკანებისა და კოლაგენის სინთეზს, ზრდის უჯრედგარე მატრიქსის კომპონენტების პროდუქციას, ამასთან, გლუკოზამინოგლიკანებისა და პროტეოგლიკანების თვისებები უახლოვდება ფიზიოლოგიურს. ქონდროციტების სინთეზური აქტივობის მომატებას თან ახლავს ქონდროლიზისის ინჰიბირება, რაც განპირობებულია ქონდროლიზური პროტეინაზების (კოლაგენაზა და სხვ.) აქტივობის დათრგუნვით. ეს წარმოადგენს ქონდროპროტექტორული და ოსტეოტროპული ეფექტების საფუძველს.
გლუკოზანიმი ხასიათდება ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, რაც არ არის დაკავშირებული პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან და ხორციელდება გლუკოზამინის ანტიოქსიდანტური აქტივობის უნარისა (სუპეროქსიდული რადიკალების სინთეზის დათრგუნვის გზით) და ლიზოსომური ფერმენტების აქტივობის დათრგუნვის შედეგად.
გლუკოზამინი ახდენს გოგირდის ფიქსაციას ქონდროიტინ გოგირდმჟავას სინთეზის პროცესში და ხელს უწყობს კალციუმის ნორმალურ ჩალაგებას ძვლოვან ქსოვილში; თრგუნავს დეგენერაციულ პროცესებს სახსრებში, აღადგენს მათ ფუნქციას, ამცირებს ტკივილს სახსრებში; ხელს უშლის კორტიკოსტეროიდების დამაზიანებელ გავლენას ქონდროციტებზე და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეულ გლუკოზამინოგლიკანების სინთეზის დარღვევას.
სულფოჯგუფები მონაწილეობენ ხრტილოვანი ქსოვილის გლუკოზამინოგლიკანების სინთეზსა და მეტაბოლიზმში, პროტეოგლიკანების გვერდითი ჯაჭვების სულფოეთერები კი ხელს უწყობენ წყლის შეკავებას და ხრტილის მატრიქსის ელასტიურობის შენარჩუნებას.
როტადონი აჩერებს ხრტილის დესტრუქციას და ამცირებს სიმპტომებს ოსტეოართროზის დროს.
კლინიკური სიმპტომების შემცირება, ჩვეულებრივ, აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ, კლინიკური გაუმჯობესების შენარჩუნებით პრეპარატის მოხსნიდან კიდევ 8 კვირის განმავლობაში.
 
ფარმაკოკინეტიკა
სწრაფად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 25-26%. ქსოვილებში განაწილების შემდეგ მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება სინოვიურ გარსში, ხრტილოვან ქსოვილში, ღვიძლსა და თირკმელებში. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში, შარდოვანას, წყლისა და ნახშირორჯანგის წარმოქმნით. შეუცვლელი სახით გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, მინიმალური რაოდენობით – განავალთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდია 68 საათი.
 
ჩვენება
- სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებების ანთებითი და საწყისი გამოვლინებები (სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (ოსტეოართრიტი), მათ შორის მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის);
- ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები (ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი და სხვ.);
- კვირისტავის ქონდრომალაცია;
- მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
- მყეს-სახსროვანი აპარატის დაზიანების შემდგომი ტკივილის შემცირება და მოძრაობის უნარის აღდგენა;
- სახსრების ტრავმის შემდგომ პერიოდში სარეაბილიტაციო ღონისძიებების კომპლექსში.
 
მიღების წესი და დოზირება
მიიღება შიგნით.
როტადონი ინიშნება მოზრდილებში 1 პაკეტი (1500 მგ) ერთხელ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. პაკეტის შიგთავსი იხსნება ერთ ჭიქა (200 მლ) თბილ წყალში და მიიღება მომზადებისთანავე. მკურნალობის ხანგრძლივობაა 4-12 კვირა. საჭიროების შემთხვევაში მისი გამეორება შესაძლებელია 2 თვიანი ინტერვალებით.
 
უკუჩვენება
- როტადონის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა (მათ შორის ჰიპერმგრძნობელობა ანამნეზში);
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები;
- თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა;
- ფენილკეტონურია (ასპარტამის შემცველობის გამო).
 
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი ეპიგასტრიუმში.
ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევებში – ჭინჭრის ციება, ქავილი.
 
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატ როტადონის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დამადასტურებელი ადეკვატური კონტროლირებადი კვლევები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ ჩატარებულა.
 
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
როტადონი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვასა და პოტენციურად საშიშ საქმიანობაზე, რაც მომატებულ ყურადღებას მოითხოვს.
 
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატის უსაფრთხოების დამადასტურებელი ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ ჩატარებულა.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
როტადონი ზრდის ტეტრაციკლინების, ამცირებს ნახევრად სინთეზური პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის აბსორბციას მათთან ერთდროული გამოყენების დროს.
როტადონი შეთავსებადია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და გლუკოკორტიკოიდებთან. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აძლიერებს მათ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტებს.
 
ჰიპერდოზირება
არ არის აღწერილი და ნაკლებად სავარაუდოა.
 
გამოშვების ფორმა
ფხვნილი პაკეტებში, შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.
10 ან 20 პაკეტი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).
 

მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და სერტიფიკატის მფლობელია კომპანია “როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი

(“ROTAPHARM”, GREAT BRITAIN).

დამზადებულია: კ.ო.”რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”-ის მიერ. ოტოპენი, ეროილორის ქ. 1ა, რუმინეთი. 

(S.C.“Rompharm Company S.R.L.”, Otopeni, Eroilor street 1A, Romania).